აბაზგები–(ბერძნ. Abasgoi) — ძველი აფხაზური ტომი. პირველად იხსენიებს არიანე ფლავიუსი (II ს.). იმ დროს აბაზგები აფსილების ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ და დაახლოებით ახლანდელი ოჩამჩირის ტერიტორია ეკავათ. VI-VII საუკუნეებში ჩრდილოეთით გადაინაცვლეს და დაიკავეს ტერიტორია მდინარე გუმისთიდან ბზიფამდე, რომლის ჩრდილოეთ-დასავლეთით სანიგები ცხოვრობდნენ. სახელწოდება „აბაზგი" იმავე ფუძისაა, რაც „აფსილი" (დიალექტიკური გამჟღერებული ფორმა). ამ სიტყვისაგან მომდინარეობს ქართული „აბხაზი" – აფხაზი. აფშილები–იგივე აფსილები .ისტორიული კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე მოსახლე ტომი. პირველად იხსენიებს რომაელი მწერალი გაიუს სეკუნდუს პლინიუსი (I საუკუნე). სებასტოპოლისის (ახლანდელი სოხუმის) ახლოს, მის სამხრეთით. II საუკუნიდან ჰქონდათ საკუთარი სამთავრო, რომლის გამგებელს რომის იმპერატორი ამტკიცებდა. მათი ეთნიკური კუთვნილების შესახებ წყაროებში ცნობები არ მოგვეპოვება. სახელწოდების მიხედვით მკვლევართა ნაწილი მათ მიიჩნევს თანამედროვე აფხაზთა (აფსუების) წინაპრებად, ხოლო ნაწილი — ქართველურ ტომად. IV საუკუნიდან შედიოდნენ ლაზიკის სამეფოში. VII საუკუნის I ნახევარში აბაზგებთან გაერთიანდნენ, ნათი ნაწილი კი დასავლურ-ქართულ ტომებს შეერწყა. VIII საუკუნის შემდეგ წყაროებში მათ ცალკე აღარ იხსენიებენ.
ბექირები—ძველი ტომი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, უცხოვრიათ ჭოროხის შესართავის სამხრეთით, ბიძერების მეზობლად,ტრაპეზუნტიდან აფსაროსამდე და მათ ქვეყანას ,,ბექირიას” უწოდებდნენ. ამ რაიონში მცხოვრებ ქართველურ ტომთა ჩამოთვლისას ძველი ბერძენი ავტორები ბექირებს ხშირად იხსენიებენ. სამწუხაროდ სხვა კონკრეტული ცნობები ამ ტომთან დაკავშირებით არ მოგვეპოვება..
ბიძერები–(ბერძ.Byzeres), ძველი ტომი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. იხსენიებიან ძვ. წ. IX—XIII საუკუნეებში ურარტულ წყაროებში „უიტერუ(ხი)"-ის ან „უიტირუ(ხი)"-ის ფორმით. ებრძოდნენ ურარტუს. მეფე სარდურ II-მ ბიძერების ქვეყანა (შესაძლოა, მისი ერთი ნაწილი) თავისი სამეფოს პროვინციად აქცია (ააგო აქ ციხესიმაგრე და დანიშნა თავისი ნაცვალი). ძველი ბერძნული წყაროების მიხედვით, ბიძერები ცხოვრობდნენ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს მახლობლად, მდინარე ჭოროხის სამხრეთით, ნაწილობრივ კი პონტოს მთებშიც. ამ ტომის სახელი შემორჩა ისტორიულ საქართველოს ერთ-ერთ ოლქს და მის ცენტრს — ოძრ(ა)ჴეს, რომელიც ახლანდელი დაბა აბასთუმნის მიდამოებში მდებარეობდა.
გუგარები– გოგარები , ქართველი ტომი. მისი უძველესი პირველსაცხოვრისი უნდა ყოფილიყო მდინარე დებედის ზემო დინების ხეობა, რომელსაც ძველ ქართულ და სომხურ წყაროებში კანგარი ეწოდებოდა (ამჟამად სომხეთში). აქ ბოლო დრომდე შემორჩენილი იყო ტოპონიმი „გოგარანი" (დღეს სოფელი გუგარქი). თვით სომხური წყაროები გუგარებს არასომხურ ტომად მიიჩნევენ (მოვსეს ხორენაცი, ფავსტოს ბუზანდი), ზოგი მათგანი კი ქართველ ტომად (ჰოვანეს დრასხანაკერტცი). გუგართა პიტიახშს არშუშას V საუკუნის ისტორიკოსი ლაზარ ფარპეცი ხშირად ქართლის ან ქართველთა პიტიახშს უწოდებს.
დვალები—იბერიულ-კავკასიური ტომი ძველ საქართველოში. ანტიკურ წყაროებში (პლინიუს უფროსი, პტოლემე) პირველად მოხსენიებული არიან ახ. წ. I-II საუკუნეებში თალის, ვალის, უალის სახელწოდებებით. სახლობდნენ ცენტრალური კავკასიონის მაღალმთიან ზოლში - დარიალის ხეობასა და მამისონის უღელტეხილს შორის - ისტორიულ დვალეთში. მეცნიერები დვალურ ენას აკავშირებენ (ინგუშურ-ჩაჩნურ) და ქართველურ (ზანურ) ენებთან. დვალები ადრინდელი შუა საუკუნეებამდე მოექცნენ ერთიან ქართულ კულტურულ-პოლიტიკურ გარემოში. VI საუკუნიდან დვალებში ქართველი მისიონერები ქრისტიანობას ავრცელებდნენ. ჩრდილოეთ კავკასიაში მონღოლთა შემოსევების (XII ს.) შედეგად კავკასიონის მთიან ზოლში დაიწყო მიგრაციის პროცესი; დვალეთში სახლდებოდა ოსური მოსახლეობა, დვალები კი კავკასიონის სამხრეთ კალთაზე გადმოდიოდნენ. XVIII საუკუნის დასაწყისისათვის დვალების ასიმილაციის პროცესი დასრულდა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი შეერწყა ქართლის, რაჭისა და იმერეთის მოსახლეობას, დვალეთში დარჩენილი ნაწილი კი - ოს მოახალშენეებს.
დრილები—ძველი დასავლური ქართული (მეგრულ-ჭანური) ტომი, ცხოვრობდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მთიანეთში, მდინარე ხარშუტის ხეობაში. ძვ. წ. 401 წელს მათ ქვეყანაში ილაშქრა ბერძენმა სარდალმა და ისტორიკოსმა ქსენოფონტმა. მისი ცნობით დრილები პონტოსპირელთაგან ყველაზე მეომარი ხალხი ყოფილა, ბინადრობდნენ მთიან, გამაგრებულ და მიუვალ ადგილებში. ქვეყნის დედაქალაქი ისე ძლიერ ჰქონიათ გამაგრებული, რომ ბერძენთა მრავალნაცად ლაშქარს, მისი აღება ვერ მოუხერხებია. დრილები ძირითადად მეცხოველეობას მისდევდნენ. განვითარებული ჰქონიათ სამშენებლო საქმეც.
იბერები—აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ქართველი ტომების სახელწოდება ბიზანტიური წყაროების მიხედვით. ცხოვრობდნენ იბერიის ტერიტორიაზე. მთავარი როლი ითამაშეს ერთიანი ქართველი ხალხის ჩამოყალიბებაში.ზოგიერთი მეცნიერი თვლის რომ იბერების წინაპრები იყვნენ თაბალები (თობელები) .
კოლხები—სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მცხოვრები ძველი ქართველი ტომების საერთო სახელი, რომლის მიხედვით ძველი ბერძნები მთელ ქვეყანას კოლხეთს, კოლხიდას უწოდებდნენ. ძვ. წ. I ათასწლეულში კოლხებმა შექმნეს კოლხას (კულხა), ხოლო VI საუკუნეში კოლხეთის სამეფო.
ლაზები— ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი, წარსულში ერთ-ერთი ქართული ტომი იყო. ლაზები სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთისა (ისტორიული ლაზეთი, ჭანეთი) და მდინარე ჭოროხის აუზის მკვიდრი მოსახლეობაა. ძირითადად ცხოვრობენ თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, აგრეთვე აჭარაში, მდინარე ჭოროხის აუზში და სამეგრელოში ენგურის შესართავთან (ანაკლია). ლაზები საუბრობენ ქართველური ჯგუფის ზანური (მეგრულ-ჭანური) ენის ლაზურ (ჭანურ) დიალექტზე.
ლბინები–შერეული მოდგმის ტომი. ანტიკური, ქართული და სომხური საისტორიო წყაროების მიხედვით, ლბინები ცხოვრობდნენ მდინარე ალაზნის ზემო წყლის მიდამოებში. დაახლოებით ძვ. წ. III საუკუნე – ახ. წ. IV საუკუნეში ლბინების ტომი კულტურულ-ეთნიკურად და პოლიტიკურად შეერწყა აღმოსავლურ ქართულ ტომებს — ქართებს და კახებს
მაკრონები–წინარე ქართული ტომი. ბინადრობდა სამხრეთ კოლხეთში. ანტიკური ხანის ავტორების ცნობით, ცხოვრობდნენ ტრაპეზუნტის რაიონში და მის ამოსავლეთით. მაგალითად, ქსენოფონტი მათ შეხვედრია ტრაპეზუნტის სამხრეთ-აღმოსავლეთით ორი დღის სავალზე. ამ რაიონშივე მაკრონების ყოფნას ადატურებენ აპოლონიოს როდოსელი, სტრაბონი, პლინიუსი, V საუკუნის ანონიმი მწერალი და სხვები. ზოგიერთი მათგანი (მაგალითად, სტრაბონი) თვლის, რომ მაკრონებს ძველი ავტორები ეძახდნენ აქ მცხოვრებ სანებს (ე. ი. ჭანებს). სახელწოდება „მაკრონში" თანამედროვე მკვლევრები ხედავენ დასავლეთ-ქართველთა ტომების აღმნიშვნელ თანამედროვე ტერმინში (მეგრელ//მარგალ) შემავალ არგ (არკ) (<აგრ//აკრ) ძირს, რომელიც გაფორმებულია ჭანურისათვის დამახასიათებელი ონ სუფიქსით. მაკრონები სხვა ქართველ ტომებთან ერთად ძვ. წ. V საუკუნეში შედიოდნენ სპარსეთის იბერიის XIX სატრაპიაში. მონაწილეობა მიუღიათ სპარსეთის მეფის ქსერქსეს ლაშქრობაში საბერძნეთზე. ამ ომში ისინი შეიარაღებული ყოფილან ისევე, როგორც მოსხები, ტიბარენები და მოსინიკები.
მანრალები—ძველი ქართველი ტომი, იგივე მეგრელები, რომელთა სახელის („მარგალის") ბერძნული ვარიანტიც უნდა იყოს სახელწოდება მანრალები (ბერძნ. Μάνραλοι). II საუკუნის ავტორი კლავდიუს პტოლემე მანრალებს უწოდებს კოლხეთის შიდა რაიონების მოსახლეობას. VII საუკუნის „სომხურ გეოგრაფიაში" ეს სახელი „მანრილის" ფორმით აღნიშნავს კოლხეთის ერთ-ერთ ნაწილს. ამ ძეგლში იგი, შესაძლებელია, სწორედ კლავდიუს პტოლემეს ნაწარმოებიდან მოხვდა.
მახელონები—ერთ-ერთი ძველი დასავლურ-ქართული ტომი, შეიძლება იგივე მაკრონები (მახელონები მათი სახელის მოდიფიკაცია უნდა იყოს). V საუკუნის ანონიმი მწერალი მახელონებს ჰენიოხებთან ერთად მოიხსენიებს შავიზღვისპირა რაიონში, ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით, ახლანდელი რიზესა და ათინას შორის. მახელონებსა და ჰენიოხებს, II საუკუნის ავტორის ფლავიუს არიანეს ცნობით, საკუთარი პოლიტიკური გაერთიანება — „სამეფო" ჰქონდათ, რომლის მეფე 131 წელს ყოფილა ანქიალე. „ანქიალეს სასახლე", ე. ი. დედაქალაქი მდებარეობდა მდინარე პრიტანიდაზე (ახლანდელი ათინის აღმოსავლეთით 7-8 კმ-ზე), იმპერატორი ტრაიანე ანქიალეს შეხვედრია პართიაზე ლაშქრობის დროს ქალაქ სატალაში და დაუსაჩუქრებია. „მახელონებისა და ჰენიოხების სამეფო" რომის ერთგული მოკავშირე ყოფილა. მახელონიას იხსენიებს ირანის მბრძანებელი შაბურ I-იც (242-272) თავისი ქააბა-ი-ზარდოშტის წარწერის ბერძნული ვარიანტში ირანს დაქვემდებარებული ქვეყნების დასახელების დროს.
მისიმიელები—ერთ-ერთი ძველი ქართული (სვანური) ტომი. სახელწოდება „მისიმიელები" სვანთა ადგილობრივი სახელის „მუშვჳნის" ბერძნული სახეცვლილი ფორმა უნდა იყოს. არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც მისიმიელები ერთ-ერთი აფხაზური ტომია. იხსენიებენ ბიზანტიელი ავტორები. მისიმიელები ცხოვრობდნენ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე. მათი ადგილსამყოფელი აფსილების მიწაწყალს თანამედროვე წებელდასთან ესაზღვრებოდა. აგათია სქოლასტიკოსის (VI საუკუნე) ცნობით, მისიმიელები, ისევე როგორც აფსილები, კოლხეთის (ე. ი. ლაზთა) მეფის ქვეშევრდომები იყვნენ, მაგრამ ტომთაგან განსხვავებით სხვა ენა და ზნე-ჩვეულებები ჰქონდათ. მისიმიელებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს VI საუკუნის შუა წლებში ბიზანტია-ირანის ომში, რომელიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
მოსინიკები—ერთ-ერთი ძველი ქართველი ტომი სამხრეთ კოლხეთში. ცხოვრობდნენ ადრინდელ ანტიკურ ხანაში შავი ზღვის სანაპიროზე, ტრაპეზუნტისსა და კერასუნტის დასავლეთით. ძვ. წ. V საუკუნეში მოსინიკები ამ რაიონის სხვა ქართველ ტომებთან ერთად შედიოდნენ სპარსეთში, XIX სატრაპიაში. მრავალ ცნობას მათ შესახებ გვაწვდვის ძველი ბერძენი ავტორი ქსენოფონტი, რომელსაც ძვ. წ. 401 წელს გაუვლია მოსინიკებით დასახლებულ ტერიტორიაზე. ამ დროს არსებობდა მოსინიკების ორი დიდი გაერთიანება, რომლებიც ეომებოდნენ მთავარი ქალაქის დასაუფლებლად, სადაც ციტადელი იყო. მოსინიკებს მოჰყავდათ ხორბალი, მისდევდნენ თევზჭერას, საკვებად ფართოდ იყენებდნენ წაბლს; სცოდნიათ ღვინის დაყენებაც. მოსინიკებს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ კერასუნტისა და ტრაპეზუნტის ბერძენ მოახალშენეებთან. მათ „მეფეს" (შეიძლება იგულისხმება მთავარი ქურუმი) რეზიდენცია ხის მაღალ კოშკში ჰქონია. მოსინიკებში განვითარებული უნდა ყოფილიყო ლითონების დამუშავება. ზოგი ავტორი ფიქრობს, რომ სიტყვა „თითბრის" სახელწოდება ევროპულ ენებში (Messing) მოსინიკების სახელიდან მომდინარეობს.
მოსხები—ისტორიულ სამხრეთ საქართველოში მცხოვრები ერთ-ერთი ძველი ქართველი ტომი. ამ ფორმით ეს სახელი გვხვდება ანტიკური ხანის ავტორებთან (ჰეკატეოს მილეტელიდან, ძვ. წ. VI საუკუნიდან, მოყოლებული). მოსხებს თვლიან ძველ აღმოსავლურ (ასურულ, ურარტულ) წყაროებში მოსხენიებული მუშქების შთამომავლებად და უფრო გვიანდელი მესხების წინაპრებად. მიჩნეულია, რომ მუშქების სამეფოს (ანუ ფრიგიის) დაცემის შემდეგ (ძვ. წ. 676) ამ ტომებმა ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისკენ გადაინაცვლეს და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში დამკვიდრდნენ. ძვ. წ. V. საუკუნეში მოსხები სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სხვა ტომებთან ერთად (ტიბარენები, მაკრონები, მოსინიკები, მარები) აქემენიდთა სპარსეთის XIX სატრაპიაში შედიოდნენ. მოსხები მონაწილეობდნენ სპარსეთის მეფის ქსერქსეს ლაშქრობაში საბერძნეთზე. ამ დროს ისინი შეიარაღებული ყოფილან მცირე ფარებით და შუბებით (ასევე იყვნენ შეიარაღებული ტიბარენები, მაკრონები და მოსინიკები). მოსხების სახელი ეწოდება, ანტიკური მწერლობის ცნობით, მცირე კავკასიონის ერთ-ერთ განშტოებას („მოსხური მთები"). სტრაბონის (I საუკუნე) ცნობით, კოლხეთი მდებარეობდა კავკასიონსა და მოსხურ მთებს შორის.
მუშქები—ძვ. წ. XII-VII საუკუნეებში ასურულ, ხეთურ-იეროგლიფურ და ურარტულ წყაროებში მოხსენიებული „მუშქების ქვეყნის" (Muškaia, Mušku, Mus(a)kai, Muški) მკვიდრნი. ამავე წყაროთა მიხედვით (ძვ. წ. IX-VII სს.), მუშქები ბინადრობდნენ მცირე აზიის აღმოსავლეთ პერიფერიაზე, ხათის, ხალიტუს, თაბალისა და სხვა პოლიტიკური გაერთიანებათა მეზობლად (შესაძლოა, მათი ტერიტორიული ცენტრი აღმოსავლეთ კაპადოკია-მაზაკი რაიონი იყო).
ისტორიულ ასპარეზზე მუშქები გამოჩნდნენ ძვ. წ. XII საუკუნის დასასრულს, როცა მათი პოლიტიკური გავლენა ევფრატის ზემო დინების აღმოსავლეთით (თანამედროვე მდინარე მურადის სამხრეთით) გავრცელდა. 50 წლით ადრე მათ აქ ალზისა და ფურულუზმის ქვეყნები დაუპყრიათ, ხოლო ტიგლათფილესერ I-ის მეფობის დასაწყისში (ძვ. წ. 1115) 20 ათას მუშქ მეომარსა და მათ 5 „მეფეს" ხელთ უგდიათ უფრო სამხრეთით მდებარე ასურეთის ვასალური ქვეყანა ქათმუხიც. მუშქების სამეფო ძლიერი პოლიტიკური ერთეული იყო ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარშიც; განსაკუთრებით ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების მიჯნაზე, მეფე მითას დროს, როცა იგი ანტიაურულ კოალიციაში შედიოდა. მუშქებს ბრძოლა ჰქონიათ კიმერიელთა და ურარტუელთა გაერთიანებულ ლაშქართან. ძველი აღმოსავლური წყაროების მუშქები იგულისხმებიან ბიბლიურ „მეშეხში" (ქართულად „მოსოხ"). ძველი ბერძნული ტრადიცია მუშქების სამეფოს იცნობს ფრიგიის, ხოლო მითას — შიდასის სახელით.
სანები—ძველი დასავლურ-ქართული ტომი. სტრაბონის (ძვ. წ. I — ახ. წ. I საუკუნეები), პლინიუს უფროსის (ახ. წ. I საუკუნე), ფლავიუს არიანესა (ახ. წ. II საუკუნე) და სხვა ავტორთა ცნობით, ბინადრობდნენ ქ. ტრაპეზუნტის მახლობლად. ძვ. წ. I — ახ. წ. II საუკუნეებში ისინი ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე ოფისამდე (ახლანდელი სულან-ლუ) აღწევდნენ. ტრაპეზუნტსა და ოფისს შორის მდებარე ზღვისპირა ზოლის გარდა მათი განსახლების ფარგლებში შედიოდა ახლომახლო მთიანი რაიონებიც. პლინიუსი ტრაპეზუნტის ოლქში მოსახლე სანებს ჰენიოხებს უკავშირებს. იგივე ავტორი სანებს იხსენიებს კოლხეთის სანაპიროს სხვა ადგილასაც, მდინარე ქარიენტ ცივის მიდამოებში.
სანიგები–სანიხები, სანიკები. ძველი დასავლურ-ქართული ტომი. პირველად იხსენიებენ I-II საუკუნეების ავტორები — პლინიუსი, არიანე, მემნონი. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით სანიგები იგივე ზანები (მეგრელ-ჭანები) იყვნენ, სხვების აზრით — სვანები. არსებობს ასევე მოსაზრება, რომ სანიგენი ჯიქები (საძები) იყვნენ. პლინიუსისა და არიანეს ცნობით სანიგები სებასტოპოლისის (ახლანდელი სოხუმი) მიდამოებში ცხოვრობდნენ. სანიგებს იხსენიებს „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის" ავტორიც, მაგრამ მასთან „სანიგ" ეთნიკური სახელი მომქმედი არ უნდა იყოს და არ უნდა ასახავდეს მის დროს არსებულ ვითარებას.
სედოხეზები—ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე, მდინარე ხობთან, მოსახლე ერთ-ერთი ლაზური ტომი. სედოხეზები და მათი მეფე იხსენიებიან ტაციტუსის (ახ. წ. I საუკუნე) „ისტორიაში” ანიკეტის აჯანყებასთან დაკავშირებით. იმპერატორ ვესპასიანეს მმართველობით უკმაყოფილო სედოხეზების მეფემ თავდაპირველად შეაფარა ლტოლვილი ანიკეტე და მისი პოლიტიკური მოკავშირე გახდა (ტაციტუსის სიტყვით, ანიკეტეს ეს მოუხერხებია ფულითა და საჩუქრებით), მაგრამ შემდეგ რომაელებთან ომს აჯანყებულთა მეთაურის გაცემა არჩია.
სკვითინები—ძველი დასავლურ-ქართველური ტომი, უძველესი და ყველაზე სრული ცნობები სკვითინების შესახებ დაცულია ბერძენი ისტორიკოსის ქსენოფონტის „ანაბასისში". სკვითინები ბინადრობდნენ მდინარე ჭოროხის დასავლეთით, პონტოს ტავრის სამხრეთ კალთებზე, ტრაპეზუნტის ხაზამდე. სკვითინების სახელი დაცულია პონტოს ტავრის ამ ნაწილის უძველეს სახელმწიფოშიც — „სკვიდისში". ტერმინი „სკვითინები" საფუძვლად უდევს დასავლურ-ქართველური (მეგრულ)ჭანური რიცხვითი სახელი შქვითი (შვიდი). ბერძნულში „შ" ბგერის უქონლობის გამო თავკიდური ბგერა „სკვითინები-ს" შესაბამისი ბერძნული სიგმითაა გადმოცემული. სტრაბონის „გეოგრაფიაში" მოცემულია სკვიდისის კალთებზე მცხოვრებთა სახელწოდების ბერძნული შესატყვისი — ჰეპტაკომეტაი, რაც შვიდსოფლელებს ნიშნავს, ხოლო თურქულ გეოგრაფიის ნომენკლატურაში შემონახულია ამ ადგილის სახელი კურა სებაა, რაც ასევე 7 სოფელს ნიშნავს. ეთნიკური სახელის სკვითინების წარმოშობა დაკავშირებული უნდა იყოს 7 ეთნიკურ-სოციალური ერთეულის გაერთიანებასთან ერთ დიდ ეთნიკურ-პოლიტიკურ ერთეულად (ძვ. წ. V საუკუნის დასასრული). ამ გაერთიანების სათავეში ერთი მმართველი იდგა. ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქ. გვიმნიასი. „ანაბასისში" გვიმნიასი მოხსენიებულია დიდ, მდიდარ და ხალხმღავალ ქალაქდ (ასეთი ეპითეტებით ქსენოფონტი მცირე აზიის მრავალ ქალაქთაგან მხოლოდ 3-ს იხსენიებს). იქვე ჩამოთვლილია ჭირნახულით მდიდარი სოფლებიც. როგორც ჩანს, სკვითინების სახელმწიფოს ტიპის გაერთიანება იყო, რომელმაც დიდხანს ვერ იარსება. გვაინდელი წყაროები ასეთ ერთეულს აღარ ასახელებენ.
ქართები–(იბერები) ისტორიული ქართლის (იბერიის) მოსახლეობის, ქართული ტომების აღმოსავლური შტოს სახელწოდება. ანტიკურ მსოფლიოში ქართები ცნობილი იყვნენ „იბერების" ან „აღმოსავლეთის იბერების" სახელით („დასავლეთის იბერებისაგან", პირენეს მცხოვრებთაგან განსასხვავებლად). ლაპარაკობდნენ საკუთრივ ქართულ ენაზე, რომელიც ჩამოყალიბდა ქართველური ენების (ქართული, ზანური, სვანური) ფუძეენის დიფერენციაციის შედეგად.
ქართები უძველესი ხანიდან ცხოვრობდნენ აღმოსავლეთ, სამხრეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთის რაიონების ტერიტორიაზე. სახელი „ქართი" თანამედროვეა, ნაწარმოებია სახელწოდებიდან „ქართლი".
ჰენიოხები—უძველესი დროიდან კოლხეთის სანაპიროზე მოსახლე ტომები. მათი უშუალო განსახლების ადგილად ბერძენი და რომაელი ავტორები (პელანიკე მითილენელი ძვ.წ. V ს. ფსევდოსკილაკ კარიანელი ძვ.წ. IV ს. არისტოტელე ძვ.წ. IV ს. არტემიდორე ეფესელი ძვ.წ. II-I სს. და ახალი წელთაღრიცხვის ისტორიკოსები პომპონიუს მელა ახ.წ.I ს., ოვიდიუსი, პლინიუს უფროსი და სხვა.) კოლხეთის სანაპიროს ჩრდილოეთ სექტორს — ბიჭვინთა-სოხუმის მონაკვეთს ასახელებენ. ამავე აზრისაა გეოგრაფი სტრაბონი ძვ.წ. I-ახ.წ. I სს. ჰერაკლიდეს გადმოცემით ჰენიოხებს უცხოვრიათ მდინარე ფაზისის (რიონის) შესართავთან , ხოლო პლინიუსი ჰენიოხებს, გარდა დიოსკურიისა, მიუთითებს ქალაქ ტრაპიზონის მახლობლად და მდინარე აფსაროსთან (ჭოროხი) ახლოს. დაახლოებით ამავე ადგილებში - მდინარეებს ოფისსა და არქაბეს შორის — ჰენიოხებს ასახელებენ ფლავიუს არიანე და ანონიმი ავტორი.
|