თავადაზნაურობა, ფეოდალურ საზოგადოებაში იურიდიულად გაფორმებული საერო მიწათმფლობელთა პრივილეგირებული (პრივილეგიები მემკვიდრეობით გადაეცემოდა) წოდება, რომელიც სასულიერო წოდებასთან ერთად ქმნიდა გაბატონებულ კლასს. თავადაზნაურობის ეკონომიკური და პოლიტიკური ძლიერების უშუალო წყარო მიწაზე ფეოდალური საკუთრება იყო. თავადაზნაურობა უპირისპირდებოდა ძირითად ექსპლუატირებულ კლასს — გლეხობას, რომლის შრომის პროდუქტის დიდ ნაწილს იგი ითვისებდა ფეოდალური რენტის სახით. სხვა წოდებებისაგან თავადაზნაურობა გამოირჩეოდა თავისი მდგომარეობით, პრივილეგიებით, აღზრდით, ყოფა-ცხოვრებით, თავადაზნაურული საგანგებო მორალური კოდექსით, რომლის თანახმად თავადაზნაურობა აღიარებული იყო როგორც "დაბალი" წოდებების ყველა წარმომადგენლის ბატონი და მბრძანებელი. თავადაზნაურობა ჩაცმითა და ვარცხნილობითაც კი განსხვავდებოდა.
აზნაურები
აზნაური, ფეოდალური საზოგადოების გაბატონებული კლასის წარმომადგენელი. ტერმინი უცხოური წარმოშობისაა და ქართულად გაფორმებულ სიტყვად არის მიჩნეული. ზოგიერთი მკვლევარი — სპარსულ „ზანას" (გვაროვნობათა კავშირი, ერი) უკავშირებს, ზოგი — სპარსულ „აზნას" (წარჩინებული).
თავდაპირველად "აზნაური", ჩანს, "თავისუფალს" ნიშნავდა, უძველეს ქართულ ნათარგმნ ლიტერატურაში (ძველი და ახალი აღთქმის წიგნები) ამ მნიშვნელობით არის ნახმარი. "აზნაურთა", "დიდ-დიდ აზნაურთა" და "უაზნოთა" არსებობა ქართლში უკვე V საუკუნის II ნახევრის ორიგინალურ ძეგლში "შუშანიკის მარტვილობაშია" დადასტურებული. იმდროინდელ საქართველოში არსებობდა წოდებრივი ჯგუფები, კერძოდ, მემკვიდრეობითი პრივილეგიებოთ აღჭურვილი მემამულეთა წოდება. სახელწოდება "აზნაური" მომდევნო პერიოდში ყველა წარჩინებულზე გავრცელდა და სწორედ ამ წოდებას აღნიშნავდა. ასე რომ ქართული "აზნაური" დაახლოებით იმასვე აღნიშნავდა, რასაც დასავლეთ ევროპაში ნობილიტეტი (წარჩინებული).
ქართველი აზნაურები
თავადები
თავადი, ფეოდალური კლასის ზედაფენის წარმომადგენელი XV—XVIII საუკუნეებში საქართველოში, აზნაურთაგან განსხვავებული ცალკე წოდება.
XV საუკუნამდე ფეოდალთა კლასის წარმომადგენელთა საერთო სახელი აზნაური იყო. აზნაურთა ზედა ფენას დიდებული აზნაურები (დიდებულები), ხოლო ქვედა ფენას აზნაურები შეადგენდნენ. „თავადი" წარმოდგება სიტყვა „თავისაგან" და ნიშნავს უფროსს. XI—XIV საუკუნეებში ქართულ წყაროებში გვხვდება გამოთქმები „თავადნი კაცნი", „თავადნი სამეფოსანი", „თავადი სპათა", „ვაჭართა თავადი" და სხვა. ამ შემთხვევებში თავადი უფროსს, თავკაცს ნიშნავს. იმავე დროს თავადი დიდებულის სახლის უფროსსაც უნდა რქმეოდა.
თავადი
თავადთა წოდების წარმოშობა დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკური დაქვეითებასა და პოლიტიკური დაქუცმაცებულობასთან, რის შედეგადაც მოხდა დიდი ცვლილება საადგილმამულო ურთიერთობაში: სახელმწიფო ტერიტორიული და ადმინისტრაციული ერთეულები მეფე-მთავრებისა და მსხვილი ფეოდალების მამულებად იქცა, შეუვალობია მნიშვნელოვნად გადართოვდა და გაღრმავდა, წინ წამოიწია კერძოუფლებრივი საწყისი.
აფხაზი თავადები
თავადი დიდებულის სოციალური მემკვიდრეა. ზოგიერთი ფეოდალური გვარი, რომელიც XV საუკუნამდე დიდებული იყო, XV საუკუნიდან თავადად იწოდებოდა. XV საუკუნის შემდეგაც წყაროებში თავადი და დიდებული ზოგჯერ ერთსა და იმავეს ნიშნავდა.
თავადები საქართველოში მეფე-მთავართა, დედოფალთა და ბატონიშვილთა ვასალები იყვნენ. თავის მხრივ მათ ვასალებად ჰყავდათ აზნაურები. თავადის სამფლობელო — სათავადო, შედგებოდა ნაწყალობევი, ნასყიდი და სხვა სახის ყმა-მამულისაგან, რომელიც თავადს „სამკვიდროდ, სამამულედ, უცილობლად და ჴელშეუვლად" ჰქონდა განსხვისების უფლებითა და იმუნიტეტით.
|